მონტესორის პრინციპები

მონტესორის მიდგომა განათლებისადმი რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს ეფუძნება:
ბავშვებს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული მოთხოვნილებები აქვთ
მონტესორიმ ბავშვის ცხოვრებაში ოთხი ფაზა გამოყო: დაბადებიდან 6 წლამდე, 6-12, 12-18, 18-24
ბევრმა ფსიქოლოგმა აღწერა ეს სხვადასხვა ფაზა, მაგრამ მხოლოდ მონტესორიმ შემოგვთავაზა საგანმანათლებლო მიდგომა, რომელიც ამ ეტაპების ცოდნას ეფუძნება. მან ახალი გაგება შესძინა თავად განათლების ცნებას, განსაზღვა ის, როგორც "მხარდაჭერა ცხოვრებისთვის", რაც გულისხმობს, რომ თუ ჩვენ მხარს დავუჭერთ ბავშვების ბუნებრივ განვითარებას თითოეულ ეტაპზე, მაშინ ჩვენ ხელს ვუწყობთ ზოგადად ადამიანის ოპტიმალურ განვითარებას. მან აღნიშნა, რომ თითოეული ბავშვის ცხოვრებაში არის უნიკალური დრო, როდესაც მას ყველაზე დიდი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია საკუთარი განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებს მიეცეთ შესაძლებლობა, საჭირო უნარები აითვისონ საამისოდ ყველაზე მოსახერხებელ დროს, რათა საუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება მოახდინონ.
ბავშვებს სწავლის განსაკუთრებული გზები აქვთ
სიცოცხლის პირველი ექვსი წლის განმავლობაში ნორჩი გონება თითქოს ყველაფერს ითვისებს მის გარშემო არსებული სამყაროდან. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია ნებისმიერი ენის შესწავლა და ნებისმიერ კულტურასთან ადაპტაცია, უბრალოდ შესაბამის გარემოში ცხოვრებით. მონტესორი ამბობდა, რომ განათლებას ყველაზე დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ცხოვრების პირველი ექვსი წლის განმავლობაში, როცა ბავშვები ყველაზე იოლად ითვისებენ.
ბავშვებს სწავლის ბუნებრივი, თანდაყოლილი სურვილი აქვთ
დაბადების მომენტიდან ჩვილები ცდილობენ ორიენტირებას და სამყაროში არსებული საგნების შესწავლას. ისინი აბსტრაქტულ ცოდნას იძენენ ყველაფერზე, საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, დამოუკიდებლობისკენ არიან მიდრეკილნი და სურთ იპოვონ გზა გარშემო მყოფებთან კომუნიკაციისთვის. ცდილობენ, ხელებით მოსინჯონ და შეისწავლონ უცხო საგნები: ეს ეხმარება მათ, კონცენტრირება მოახდინონ მათ წინაშე არსებულ კონკრეტულ ამოცანაზე და გაიმეორონ ყველა ქმედება, რათა სულ უფრო და უფრო სრულყონ. ეს სტიმულები განვითარებისკენ, ბუნებრივი ქცევის ნაწილია, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვს და რომელიც ეხმარება ბავშვებს განვითარებასა და ახალ სამყაროსთან ადაპტაციაში.
ბავშვებს სწავლის უნიკალური შესაძლებლობები აქვთ
ბავშვებს აქვთ პერიოდები, როდესაც ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მათ გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ. სიცოცხლის პირველი ექვსი წლის განმავლობაში ისინი მოტივირებულნი არიან ეძიონ ისეთი აქტივობა, რომელიც ეხმარება ენის შესწავლაში, მოძრაობების კოორდინაციასა და გონების განვითარებაში, რაც საბოლოოდ გარემომცველი სამყაროს გაგებას უიოლებთ. ეს „მგრძნობიარე პერიოდები“ შეზღუდული დროით გრძელდება და ქრება, როდესაც ბავშვები ექვს წელს მიაღწევენ. ეს ბუნებრივი განვითარების ერთგვარი გრაფიკია და მონტესორის მიდგომა დიდ ყურადღებას აქცევს იმას, რომ თითოეული ბავშვი მიჰყვეს თავისი განვითარების ინდივიდუალურ გრაფიკს, სიცოცხლის პირველი ექვსი წლის განმავლობაში.