ხშირად დასმული შეკითხვები ჩვილების მოძრაობაზე

არის თუ არა ბავშვისთვის უსაფრთხო დაბალი საწოლი?

ვფიქრობ დაბალი საწოლის ყიდვას, თუმცა ცოტა ვღელავ, რომ ის არც ისე უსაფრთხოა ბავშვისთვის და შეიძლება გადმოვარდეს და იტკინოს რამე.

ასეთ შიშს ბევრი მშობელი გამოხატავს, რომელსაც მხოლოდ ჩვეულებრივ საბავშვო საწოლზე უფიქრია. თქვენი ბავშვი არ გადმოვარდება დაბალი საწოლიდან, თუ ასეთი საწოლი თავიდანვე ჰქონდა. ჩვილებს დაბადებიდან აქვთ ცოცვის უნარი. ცოცვა ძალიან ნელი მოძრაობაა და როგორც კი ბავშვი გრძნობს, რომ მისი სხეულის რაღაც ნაწილი არ ეყრდნობა საწოლს, ისევ უკან, საწოლის ცენტრისკენ გაცოცდება. თუ თქვენს შვილს თავიდანვე არ ეძინა დაბალ საწოლზე, მაინც ღირს მისი შეძენა და ძველის შეცვლა. თუმცა მზად იყავით, რომ რამდენჯერმე გადმოსრიალდება იქიდან. თუმცა საწოლი არ არის მაღალი, ამიტომ არ დაიზიანებს არაფერს და ძალიან ცოტა დრო დასჭირდება, რომ აღიქვას საწოლის საზღვრები, მერე კი აღარ გადმოვარდება.

ვშიშობ, რომ ჩემი შვილი არ დაიძინებს დაბალ საწოლზე.

ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი ბავშვის დაბალ საწოლში მოთავსების იდეისადმი. რიკულებიანი საწოლი ისეა დაპროექტებული, რომ ბავშვი უსაფრთხოდ იყოს, სანამ უფროსებს სძინავთ და ვერ მიაქცევენ მას ყურადღებას. როგორ დავრწმუნდე, რომ შუაღამისას არ ადგება და არ დაიწყებს სახლში სიარულს, არ გადმოვარდება კიბიდან?

ორი რამაა, რაშიც უნდა დავრწმუნდეთ: ჯერ ერთი, რომ ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია დაძინება, და მეორე, რომ ის ძილს საწოლთან აკავშირებს. თუ მას მივცემთ ხოლმე უფლებას, დაიძინოს სხვაგან, მაგალითად, ეტლში, მას მეტი დრო დასჭირდება, რომ მიეჩვიოს საწოლში დაძინებას. დამოუკიდებლად დაძინება უნარია, რომელიც უნდა გავარჯიშდეს, რათა ჩვევად იქცეს. რაც უფრო ხშირად მისცემთ საშუალებას, დაიძინოს სადმე სხვაგან, და არა საწოლში, არა სიწყნარესა და სიმშვიდეში, მით ნაკლებად გაავარჯიშებს ამ უნარს. თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ და ბავშვის საჭიროებებს მივყვეთ. როცა დაღლილობას ვამჩნევთ, აუცილებლად უნდა დავაწვინოთ საწოლზე, რომელსაც გააიგივებს დასვენებასთან და ძილთან. თუ სათამაშოებს მოათავსებთ მის ოთახში, გაღვიძებისთანავე არ დასჭირდება სახლში სიარული და რაიმეს ძებნა. ასევე მნიშვნელოვანია ოთახის კარის დაკეტვა, რათა ღამით ვერ შეძლოს დამოუკიდებლად გამოსვლა.

გამოდის, ბებიაქალები ცდებიან, როდესაც ბავშვის გახვევაზე საუბრობენ?

თუ მოძრაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რატომ გვირჩევს ზოგიერთი პედიატრი და ბებიაქალი, რომ ჩვილები გავახვიოთ?

არის მოსაზრება, რომ ბავშვის გახვევა, როცა მისი ხელები და ფეხები მჭიდროდ არის ტანზე მიკრული, მას ამშვიდებს და ეხმარება დაძინებაში, რითაც ასევე ჩვენ გვაძლევს საშუალებას, დავიძინოთ. და ეს მართალია. ახალშობილების დედებს მეტი ძილი და დასვენება სჭირდებათ მშობიარობის შემდეგ. თუმცა ბავშვებს სჭირდებათ, თავისუფლად ამოძრაონ კიდურები ძილში, რადგან ეს უწყობს მათ ხელს, ძილის უფრო ჯანსაღი რეჟიმი განავითარონ. თუ რაიმე შეაწუხებთ და კრთომისას გაიღვიძებენ, გამოძრავდებიან და ახალ პოზას იპოვიან ხელახლა დასაძინებლად. ეს ნიშნავს, რომ მათ უკეთ განუვითარდებათ ხელახლა დაძინების უნარი, თუნდაც შუაღამისას მოულოდნელად გაეღვიძოთ.

მიჭირს ჩემი ბავშვის გართობა

ბავშვს ათასნაირ სათამაშოს ვაძლევ გასართობად, მაგრამ არ აინტერესებს, ხოლო როცა მათ წვდება, ვერ ეჭიდება და შედეგად ხელიდან უსხლტება და ღიზიანდება. რა საგნების შეთავაზება ჯობს ბავშვისთვის?

თუ ბავშვი ღიზიანდება, ე.ი. საგნები ზედმეტად დიდია ან მკვრივი მოსაჭიდებლად. ასევე - სწრაფად უსხლტება. ან - არ აინტერესებს, რასაც სთავაზობთ. დააკვირდით, რომელი საგნები აინტერესებს უფრო და ამის მიხედვით იმოქმედეთ. შეიძლება გამოგადგეთ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთები, ბასრი და უხეში კიდეების გარეშე, საკმარისად დიდი, რომ არ გადაყლაპოს და ცვალეთ ბავშვის ინტერესის შესაბამისად. როცა ამ ნივთებს მოეჭიდება, იგრძნობს მათ ფორმას, წონას, ტექსტურას, ამიტომ ეცადეთ, ყოველ ჯერზე სხვადასხვა ტიპის ნივთები შესთავაზოთ. სანამ რაღაც ახალს სწავლობს, მანამდე განაგრძობს ამ საგნით თამაშს. როცა ახალი სტიმულაციებისთვის მზადაა, ძველი სათამაშოები მობეზრდება. მაგალითად, თუ ხის საჩხრიალო მოსწონდა, კონტეინერში ქვიშა ან ოსპი ჩაყარეთ და ნახეთ, თუ მოეწონება ახალი ხმა. თუ ქსოვილების ფერები და ფაქტურები მოსწონს, შესთავაზეთ ხავერდის, აბრეშუმის ან ბამბის პატარა ტომსიკები, რომლებიც პარკოსნებით იქნება გავსებული. აირჩიეთ პატარა საჩხრიალოები, მისი ხელის ზომის პროპორციული, რომ აიღოს და დააგდოს საკუთარი თავის დაუზიანებლად.

არის თუ არა მავნე ელექტროსაქანელები?

ელექტროსაქანელა მაქვს, რომელიც იოლი ჩასართველია და ბავშვს არწევს. ჩემს შვილსაც უყვარს და მეც, რადგან მაძლევს საშუალებას, სანამ ის ქანაობს, მე რაიმე გავაკეთო. ეს უშლის ხელს ჩემი შვილის განვითარებას?

საქანელები არ არის განვითარებისთვის საზიანო, თუმცა ბუნებრივი გარემო იგივე სტიმულაციის შესაძლებლობას იძლევა. განმეორებადი მოძრაობები, რწევა, ხტუნვა და ა.შ., ამშვიდებს. ადამიანის ვესტიბულური სისტემა, რომელიც შიდა ყურს მოიცავს, გრძნობს გრავიტაციას და საშუალებას აძლევს მას, შეცვალოს სხეულის პოზიცია წონასწორობის შესანარჩუნებლად. ჩვილები ნაკლებად ტირიან, როცა მათი ვესტიბულარული აპარატი განმეორებადი მოძრაობებით სტიმულირდება. ამიტომ საქანელა-სავარძელი პირველი საჩუქარია ხოლმე მომავალი დედებისთვის. ამიტომ მოსწონთ მშობლებს ჩვილების ხელში აყვანა, რადგან ხვდებიან, რომ პოზიციის შეცვლა ამშვიდებს. საოფისის სკამზე ჯდომა ბავშვით ხელში და ტრიალი, საქანელაზე ჯდომა ბავშვით ხელში სათამაშო მოედანზე, ასევე ასტიმულირებს ვესტიბულურ სისტემას. თუმცა ბუნებრივი საქანელები განსხვავდება მექანიზებური საქანელებისგან, რომლებიც ბავშვს ზღუდავენ და აშეშებენ.