ხშირად დასმული შეკითხვები ჩვილთან კომუნიკაციის შესახებ

მავნეა თუ არა საწოვარა ჩემი შვილის მეტყველების განვითარებისთვის?
როცა ჩემს შვილს ვაწვენ დასაძინებლად, საწოვარას ვუდებ პირში, რომ არ იტიროს, თუმცა გამიგონია, რომ ეს შეიძლება მეტყველებისთვის იყოს საზიანო.
სამეფო ლოგოპედიური კოლეჯი (RCSLT) გვამცნობს, რომ საწოვარის რეგულარულმა გამოყენებამ იმ დროს, როცა პატარა ჯერ ვერ ლაპარაკობს და უფრო ტიტინებს, შეიძლება გამოიწვიოს მეტყველების დარღვევები, რომლებიც საწოვარაზე გადაჩვევის შემდეგაც კი დარჩეს. საწოვარა ეწინააღმდეგება იმას, რომ ბავშვმა ავარჯიშოს ტუჩები, ენა და ყბა ბგერების წარმოსათქმელად, ამიტომ ხელს უშლის ტიტინს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია მეტყველების განვითარებაში. სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში, როცა ბავშვი მზად არის შეითვისოს ის ენა, რომელიც გარშემო ესმის, და იწყებს ბგერების წარმოთქმას, საწოვარა დაბრკოლებაა ენობრივი განვითარებისთვის.
ეხმარება თუ არა ჟესტების ენა მეტყველების განვითარებას?
წავიკითხე, რომ კარგია ბავშვისთვის ჟესტების ენის სწავლა, რათა მათ მანამდე დაიწყონ შენთან ურთიერთობა, ვიდრე ალაპარაკდებიან. სანამ ამის გაკეთებას დავიწყებ, მინდა ვიკითხო, მართლა არის თუ არა სასარგებლო ეს, თუ ბავშვი ნაკლებ აქტიურად დაიწყებს საუბარს?
ჩვილებისთვის ჟესტების ენის შესწავლის ლოგიკური ახსნა ის არის, რომ რამდენიმე ჟესტის სწავლება ეხმარება თქვენთან კომუნიკაციაში ბავშვს, რომელსაც ჯერ არ შეუძლია ლაპარაკი. ამის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ „ჟესტების ენას“ შეუძლია შეამციროს ბავშვის მოტივაცია, ისწავლოს საუბარი. არაფერი ცვლის ბავშვსა და მის ცხოვრებაში არსებულ უფროსებს შორის ინდივიდუალურ ურთიერთქმედებას და ბავშვი ლაპარაკს მხოლოდ სიტყვების მოსმენით ისწავლის. ზრდასრულები, რომლებიც არიან მის ცხოვრებაში, კარგად უნდა იცნობდნენ ბავშვს, რომ ხვდებოდნენ, რის თქმა სურს ხოლმე, ჟესტების ენის დახმარების გარეშე. თუ ჟესტების ენა გამოიყენება, მას თან უნდა ახლდეს საუბარი.
რომელ ენაზე უნდა ვისაუბროთ ბავშვთან?
ჩემი ქმარი ფრანგია, მე ინგლისურად ვსაუბრობ. ძალიან გვინდა, რომ ჩვენმა შვილმა ორივე ენაზე კარგად ილაპარაკოს, როცა გაიზრდება, თუმცა არ ვართ დარწმუნებული, რომ ასე მოხდება. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ასე მოხდეს?
პატარა ბავშვებს ნებისმიერი ენის მარტივად შესწავლა შეუძლიათ, რომელიც ესმით. ამიტომ თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი ორენოვანი გახდეს, მნიშვნელოვანია, თავიდანვე ესმოდეს მას როგორც ფრანგული, ასევე ინგლისური ენები. იდეალური სიტუაციაა, თუ თითოეული მშობელი ბავშვთან საუბრისას საკუთარ მშობლიურ ენას იყენებს და ამაში თანმიმდევრულია. შემდგომში ბავშვი ორივე ენას თანაბრად აითვისებს და საბოლოოდ ორივეზე თავისუფლად შეძლებს ლაპარაკს. შესაძლოა, ბავშვმა ერთ ენაზე უფრო სწრაფად ისაუბროს და ასევე შეიძლება იყოს შემთხვევები, როდესაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს უარს ამბობს რომელიმე ენაზე საუბრისგან, მიუხედავად იმისა, რომ იცის და ესმის. თუმცა, ამან არ უნდა შეგიშალოთ ხელი. განაგრძეთ მშობლიური ენის გამოყენება თქვენს შვილთან, მაშინაც კი, თუ ის მეორე ენაზე გპასუხობთ. ნელ-ნელა ის დააფასებს ძალისხმევას.