საუბრის წარმართვა

მოამზადეთ მდიდარი ენობრივი გარემო
- თქვენ და ყველა სხვა ზრდასრული თქვენი შვილის ცხოვრებაში, ქმნით მის ენობრივ გარემოს. დარწმუნდით, რომ ყველამ, ვინც მონაწილეობს მის ცხოვრებაში, იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ყოველთვის გამოიყენონ მკაფიო და ექსპრესიული ენით საუბარი.
დაეხმარეთ ბავშვს, დაამყაროს კავშირი სიტყვებსა და მის გამოცდილებას შორის
- ბავშვს გაცილებით მეტის გაგება შეუძლია თქვენი საუბრიდან, ვიდრე თქვენ შეიძლება წარმოგედგინოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, განაგრძოთ ყველა იმ რუტინული ქმედების ახსნა, რომელიც ბავშვის მონაწილეობით ხდება. მაგალითად, როცა ემზადებით მასთან ერთად გარეთ გასასვლელად, შეიძლება უთხრათ რაღაც მსგავსი: "დღეს გარეთ ცივა, ამიტომ ქურთუკები უნდა ჩავიცვათ. ახლა მარცხენა ხელს ჩაგაყოფინებ მარცხენა სახელოში. ახლა ქურთუკის მარჯვენა სახელოში გავყოფთ შენს მარჯვენა ხელს".
- ბავშვთან საუბრისას მას უყურეთ, იმის ნაცვლად, რომ მუშაობის დროს უბრალოდ თქვენთვის ილაპარაკოთ ან მასთან ზურგშექცეულმა. ის უნდა ხედავდეს თქვენს თვალებს და პირს, ასევე ესმოდეს თქვენი სიტყვები.
- ყურადღება მიაქციეთ თქვენი შვილის ძალისხმევას, რომ ალაპარაკდეს და უჩვენეთ ხელის შეხებით ან ღიმილით, რომ ამას ხედავთ, ან გაიმეორეთ, რაც მისგან მოისმინეთ.
- ბავშვები სიტყვებს ობიექტებთან აკავშირებენ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესმოდეთ იმ საგნების სახელწოდებები, რომლებსაც ეხებიან. ყურადღება მიაქციეთ, რას უყურებს თქვენი შვილი ან რაზე მიანიშნებს, და წარმოთქვით ამ საგნებთან დაკავშირებული სიტყვები. როცა ის რაღაცისკენ მიუთითებს, განაგრძეთ ამ საგნის დასახელება, იმის მიუხედავად, რამდენჯერ სურს მას ამ სიტყვის მოსმენა.
- წინადადების ბოლოს ახალი სიტყვები წარმოთქვით და ისე ააგეთ საუბარი ბავშვთან, რომ ახალი სიტყვები გამეორდეს. ეს უფრო გააიოლებს ახალი სიტყვების სწავლას. მაგალითად, შეგიძლიათ თქვათ: "გინდა ვაშლი? ჩვენ წითელი ვაშლები გვაქვს. გინდა წითელი ვაშლი?"
- არ ღირს ენის მოჩლექვა ან ბავშვის ტიტინის მსგავსად საუბარი, არც სპეციალური ენის მოგონებაა კარგი ბავშვთან სასაუბროდ. თქვენს შვილს ისევე მარტივად შეუძლია ისწავლოს ზრდასრულთა სიტყვების გამოყენება საუბრისას, როგორც ბავშვური სიტყვების, ასე რომ, რა აზრი აქვს მოჩლექვით საუბარს?
გამონახეთ დრო
- ყოველივე ეს რომ გააკეთოთ ბავშვთან ერთად ყოველდღიურად, სულაც არ არის საჭირო ბევრი დროის ხარჯვა, ეს მხოლოდ მოთმინებას მოითხოვს. რაღაცას ერთხელ რომ აუხსნით და დაუსახელებთ, სულაც არ ნიშნავს, რომ ბავშვი მომდევნო ჯერზე შეძლებს მის წარმოთქმას. დრო არის საჭირო, რომ მისმა პირმა სწორი ფორმა მიიღოს საჭირო ბგერების წარმოსათქმელად. თუმცა როდესაც მის ძალისხმევას დააფასებთ და აღნიშნავთ, იქნებით საკმარისად მომთმენი, რომ გაუმეოროთ ხოლმე სიტყვები, თანდათანობით ალაპარაკდება.

