საოჯახო საქმეებში მონაწილეობის შეთავაზება

This content is blocked because Video cookies have not been accepted.
Only Accept Video Cookies

შეიძლება თქვენ სულაც არ გსიამოვნებდეთ დალაგება ან ჭურჭლის რეცხვა, მაგრამ პატარა ბავშვებს ეს ყველაფერი ძალიან უყვართ. სახლის ცხოვრებაში ჩართვა მათ ოჯახის სრულფასოვან წევრად აგრძნობინებს თავს, ხოლო ამ განცდასთან ერთად, ისინი იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლები არიან.

შექმენით გარემო იმ საქმიანობებისთვის, რაც მოსწონს თქვენს შვილს.

თქვენს შვილს უყვარს იმის კეთება, რასაც თქვენ აკეთებთ. ეს ეხმარება მას იმ ცხოვრების წესისა და რუტინის გააზრებაში, რომელიც სახლშია დამკვიდრებული და რომლის ნაწილიც თავად არის. ეს მას თავს დაცულად და ბედნიერად აგრძნობინებს და რადგან უფრო მტკიცდება მისი კავშირი ცხოვრებასთან, ის იწყებს იმის გაცნობიერებას, თუ რა შედეგები მოჰყვება მის ქმედებებს.

აქტივობები, რომლებიც თქვენს შვილს სიამოვნებას მიანიჭებს, ორ რამეზეა ორიენტირებული. პირველი გულისხმობს საკუთარ თავზე ზრუნვას, რადგან ეს მას უფრო დამოუკიდებლად აგრძნობინებს თავს. მეორე დაკავშირებულია სახლსა და გარემოზე ზრუნვასთან. ამ აქტივობებში ჩართვით, ის იწყებს იმის გაგებას, თუ როგორ მუშაობს თქვენი ოჯახი თანამშრომლობითა და ერთობით. როგორც წესი, თქვენს შვილს მოსწონს:
  • მტვრის წმენდა, ცოცხით გასუფთავება, იატაკის ჯოხით მოწმენდა, გაპრიალება, რეცხვა და დასუფთავება
  • ტანსაცმლის დაკეცვა და გადმოღება, ასევე გასაშრობად დაკიდება
  • საჭმლის მომზადება, პურის გამოცხობაში მონაწილეობა, სუფრის გაშლა, ჭურჭლის რეცხვა და გაშრობა
  • მებაღეობა, ბილიკების წმენდა, მცენარეების მორწყვა, სარეველების მოცილება, ფოთლების წმენდა და თოვლის გადაყრა
  • შინაური ცხოველების მოვლა, საკვებისა და წყლის თასების შევსებით
  • საყიდლებზე სიარული, საკვების პარკების ტარება, ნავაჭრის კარადის თაროებზე დალაგება
თქვენმა შვილმა რომ ეს საოჯახო საქმეები შეასრულოს, აუცილებელი იქნება, მისთვის ხელმისაწვდომი იყოს ნივთები. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ:
  • მოიმარაგოთ ბავშვის ზომის აღჭურვილობა - ჯაგრისები, ცოცხები, ტილოები, თასები და ა.შ.
  • მოათავსოთ ისინი კარადაში ისეთ თაროზე, რომელიც საკმარისად დაბალია, რათა თქვენს შვილს დამოუკიდებლად შეეძლოს წვდომა და კარს ისეთი სახელური ჰქონდეს, რომლის გაღებაც მას ადვილად შეეძლება.
  • შესთავაზოთ მყარი, მაგრამ მსუბუქი სკამი, რომლის გადატანაც თქვენს შვილს თავად შეეძლება და მისწვდება მანამდე მიუწვდომელ სამუშაო ზედაპირებს.

აჩვენეთ, თუ როგორ უნდა შეასრულოს ესა თუ ის აქტივობა

შეგიძლიათ უჩვენოთ თქვენს შვილს, როგორ შეასრულოს სხვადასხვა საშინაო საქმე, თუ რამდენიმე დეტალს დაიხსომებთ.
  • როცა უჩვენებთ, რა როგორ კეთდება, ეს ნელა გააკეთეთ
  • დაიცავით მკაფიო თანმიმდევრობა
  • ნუ ილაპარაკებთ იმ დროს, სანამ ბავშვს უჩვენებთ, როგორ გააკეთოს
  • უთხარით თქვენს შვილს, რომ აპირებთ აჩვენოთ, თუ როგორ უნდა გააკეთოს რაღაც, და შემდეგ აჩვენეთ. მაგრამ ნუ გააკეთებთ ორივეს ერთდროულად. თქვენმა შვილმა უნდა შეძლოს ან თქვენი ხელების ყურება ან თქვენი ხმის მოსმენა, ორივეს ერთდროულად ვერ გააკეთებს
  • გამოიყენეთ თვალით კონტაქტი და გაიღიმეთ ქმედების თითოეულ ნაბიჯს შორის, რათა დაეხმაროთ თქვენს შვილს ჩართულობის შენარჩუნებაში
  • მიეცით თქვენს შვილს საშუალება, თავად სცადოს
  • დასაწყისისთვის შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი დახმარება და აქტიური ჩართულობა, მაგრამ უნდა ეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლები გააკეთოთ მის ნაცვლად
  • თანდათანობით შეწყვიტეთ ჩარევა და დახმარება, რათა თქვენმა შვილმა თავად აღმოაჩინოს, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს.

გამოყავით დრო

  • რა თქმა უნდა, თქვენი შვილი ისე არ იმუშავებს, როგორც თქვენ. ზოგიერთ აქტივობაზე მას გაცილებით მეტი დრო დასჭირდება, რადგან ის არ არის ორიენტირებული სამუშაოს დასრულებაზე, როგორც თქვენ. მას უფრო მეტად პროცესებში ჩართვა სიამოვნებს. შეიძლება, საბოლოო შედეგი იყოს საპნითა და წყლით მოთხვრილი იატაკი. თუმცა მუშაობის პროცესი გაცილებით მნიშვნელოვანია მისი შინაგანი ზრდისთვის, ვიდრე სუფთა იატაკი.
  • ზოგჯერ შეიძლება რთული იყოს ბავშვისთვის დროის გამონახვა, რათა მან გააგრძელოს მისთვის საინტერესო საქმიანობა, თუმცა ეს აუცილებელია მისი განვითარებისთვის. ჩვენ ყველას გვჭირდება დრო, რომ რაიმეზე ვკონცენტრირდეთ, თუ სრულყოფილებისკენ ვისწრაფვით, და ბავშვებიც არ არიან გამონაკლისები. როცა მათ აძლევენ საშუალებას, თავიანთი ხელებით აკეთონ რაღაც, რაც აინტერესებთ, ნელ-ნელა საკუთარი სხეულის კონტროლს ისწავლიან. საკუთარი სხეულის კონტროლი დაეხმარება მათ, საკუთარი ქცევაც აკონტროლონ.