ამბების კითხვა და სიმღერა
თუ ბავშვს ჩვილობიდან უკითხავთ, ერთხელაც შენიშნავთ, როგორი მძაფრი ინტერესი აქვს წიგნების მიმართ. დაჯდება და დაიწყებს წიგნების თვალიერებას, თან ისე, თითქოს კითხულობს, საკუთარ თავს უამბობს ამბავს და ნახატების აღწერას შეუდგება.




შექმენით ამბებითა და სიმღერებით სავსე სამყარო
- მის ოთახში ან დერეფანში მოაწყვეთ პატარა წიგნების თარო მისი საყვარელი წიგნებით, და შეგიძლიათ ყოველ კვირა გააახლოთ თარო. წიგნები ისე უნდა იყოს გამოფენილი, რომ გარეკანს ხედავდეს და არა ყუას. ეს დაეხმარება, იოლად იპოვოს ის, რაც უნდა, თანაც, ნახატები გარეკანზე თავისკენ მიიხმობენ.
- წიგნებში უნდა იყოს მარტივი ამბები რეალურ ცხოვრებაზე და საგნებზე, რომლებსაც ის გარშემო ხედავს, როცა სკვერში ან მაღაზიაში მიდიხართ. წიგნები უნდა იყოს ადამიანებზე, რომლებიც ჰგვანან მათ, ვისაც ბავშვი თავის ცხოვრებაში ხვდება. ამ ასაკში მოერიდეთ წიგნებს ფანტასტიკური სიუჟეტებით, რადგან სანამ ბავშვი იმის გაგებას შეძლებს, რომ ადამიანები არ დაფრინავენ, ხოლო გობლინები არ არსებობენ, მან უნდა გაიგოს, როგორ არის მოწყობილი რეალური სამყარო. ის წიგნები, რომლებიც ფანტაზიის შემცველია, ამ ასაკში მხოლო თავგზას აურევს ბავშვს.
- ამბები ასევე უნდა იყოს აგებული კარგ მორალურ მაგალითებზე. ნუ შესთავაზებთ ისეთ წიგნებს, სადაც ბავშვები ცუდად იქცევიან. ივარაუდება, რომ ეს სასაცილოა, თუმცა ამ ასაკის ბავშვეისთვის წიგნებში აღწერილი ცუდი ქცევა უბრალოდ მისაბაძ მოდელად იქცევა.
- მოერიდეთ წიგნებს, რომლებმაც შეიძლება შეაშინოს ამ ასაკის ბავშვი: მაგალითად, ამბები იმაზე, რომ რაღაც იმალება სიბნელეში. თუ ჩვენ სიბნელეს წარმოვაჩენთ, როგორც რაღაც შემაშფოთებელს, ბავშვებს სიბნელის შიში განუვითარდებათ.
- მოძებნეთ წიგნები სიმღერებით, რომლებსაც ერთად იმღერებთ, და ნახატებით, განმეორებადი რითმებით, რათა ბავშვმა წინასწარ შეძლოს სიტყვების გამოცნობა.
- მოძებნეთ მარტივი სიმღერები, რომლებშიც ნახსენებია ქმედებები, რაც შეგიძლიათ ბავშვთან ერთად შეასრულოთ. ბავშვებს, რომლებიც ეს-ესაა სწავლობენ ხელების გამოყენებას, მოსწონთ თითებით თამაშები.
დაეხმარეთ ბავშვს, კავშირი დაამყაროს ამ ამბებთან და სიმღერებთან
- უჩვენეთ, როგორ გადაფურცლოს წიგნი ფრთხილად, და ყოველთვის მიეცით მაგალითი, როგორ მოწიწებით და სიფრთხილით ეკიდებით წიგნებს.
- ამ ეტაპზე შეგიძლიათ დაიწყოთ წიგნში მოცემული სურათების გამოყენება, რათა თქვენი შვილი საუბარში ჩართოთ და ახალი სიტყვები ასწავლოთ. მიუთითეთ ძაღლის სურათზე და ჰკითხეთ: „ეს რა არის?“. დაელოდეთ ბავშვის პასუხს და, საჭიროების შემთხვევაში, უთხარით: „ეს ძაღლია“. თუ მან იცის სიტყვა, გაიმეორეთ: „დიახ, ეს ძაღლია“. თუ ის გიპასუხებთ - „კატა“, ასწავლეთ ახალი სიტყვა პოზიტიური მიდგომით: „დიახ, ის შავია, როგორც ჩვენი კატა, მაგრამ ეს ძაღლია“.
- ყოველდღე იმღერეთ თქვენს შვილთან ერთად, გამოიყენეთ სიმღერების, ლექსების და თითებით თამაშის ის რეპერტუარი, რომელიც იცით და მოგწონთ, რათა ბავშვიც აგყვეთ.
გამონახეთ დრო, რომ ბავშვთან ერთად იკითხოთ და იმღეროთ
- გამოყავით კითხვის დრო და ადგილი, დღის განმავლობაში წყნარი საათის დროს ან საღამოს ძილის წინ. ყოველთვის იქონიეთ თან წიგნები, როცა დახურულ სივრცეში აღმოჩნდებით - მანქანაში, ავტობუსში თუ ექიმის რიგში, რათა ბავშვი რაიმე სასარგებლოთი დააკავოთ და გაართოთ.
თითებით თამაში-სიმღერების ნიმუშები
ვარჯიში
(ამ ლექსის წამღერება თითების დახმარებით შეიძლება. ყველა ქმედება შეიძლება თითების მაგიდაზე დაკვრით და ტაშით გამოხატოთ)
სკუპ და სკუპ, სკუპ და სკუპ,
კურდღელივით დავხტუნავ;
ხომ კარგია ვარჯიში?
შენც იხტუნე, დათუნავ!
ახლა მერცხალს ვგავარ,-
მოფრენილა ბანზე,
ბუდეში რომ ჯდება
ფრთებს გადაშლის განზე.
ვეღარ ვხედავ მერცხალს,
გაფრენილა ცაში,
აბა გავაგონოთ:
ტაში, ჩქარა ტაში!
ვივარჯიშეთ ახლა
ტანი დავიზილოთ;
რა საამო არის
გაწურული ტილო.
/მაყვალა მრევლიშვილი/
მანანა და ლალი
(ეს ლექსიც შეიძლება ხელების და თითების გამოყენებით ემოციურად წაუკითხოთ)
- ლალი, ლალი, ჩემო ლალი!
- რაო, ჩემო მანანა?
- ეს თოჯინა დედაშენმა
ჩემთან გამოგატანა?
- რასა ბრძანებ, ქალბატონო!
არ გათხოვებ არასდროს,
გინდა ისევ გააცივო,
ისევ სურდო დამართო?
- რადგან ასე მეუბნები,
რადგან ასე მაჯავრებ,
დამიბრუნე ჩემი ვაშლი,
მე რომ გუშინ გაჭამე.
- არაფერიც, არაფერიც,
არაფერსაც არ მოგცემ,
იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს,
ლოყაზე რომ გაკოცე?
- მე რომ წიგნი მოგიტანე
კარგი წასაკითხავი?..
- მერე მე რომ მოგარჩინე,
ექიმი რომ ვიყავი?
- ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე,
სულ არ იცი თამაში,
გახსოვს, მე რომ მოგეხმარე
კანფეტების ჭამაში?
- მერე მე რომ შენს თოჯინას
გავუკეთე ნემსები?!
- მერე მე რომ წაგიკითხე
დიდი, გრძელი ლექსები?!
- როგორც ვხედავ, ქალბატონო,
უმადური ბრძანდები,
დაგავიწყდა, გუშინწინ რომ
გამომართვი ბაფთები?
- არც თოჯინა მინდა შენი,
აღარც შენი ვაშლები,
ბუტე, ბუტე, გაგებუტე,
აღარ გეთამაშები.
/ნოდარ დუმბაძე/
