მოამზადეთ მშვიდი და წყნარი გარემო სასაუბროდ
- ისე გააკეთეთ, რომ ბავშვს ყველაზე ხშირად ადამიანების საუბარი ესმოდეს და მინიმუმამდე დაიყვანეთ ტელევიზორის ხმა თუ სხვა ხმები - რადიოსი, კომპიუტერისა თუ ტელეფონის.
დაეხმარეთ ბავშვს, დაამყაროს ენობრივი კავშირი, ესაუბრეთ მკაფიოდ და მოუსმინეთ მის პასუხებს.
- ყოველდღიური საქმეების განმავლობაშიც მკაფიოდ ესაუბრეთ ბავშვს იმ საქმეებზე, რასაც აკეთებთ. ეს მას დაეხმარება, დაამყაროს კავშირი ენასა და იმ გამოცდილებას შორის, რომელსაც ყოველდღიურად იღებს. როცა ის ხედავს, როგორ ამოძრავებთ ტუჩებს, ბგერების და სიტყვების წარმოსათქმელად, ეს აადვილებს მის შინაგან შრომას, რათა მოამზადოს თავისი ლოყები, პირი და ყელი იმ ბგერების წარმოსათქმელად, რომლებიც ესმის.
- ესაუბრეთ თქვენს მოტიტინე შვილს, უპასუხეთ ისე, თითქოს მართლა გელაპარაკებათ და თითქოს გესმით რასაც ამბობს. როცა ყურადღებით უსმენთ და ეპასუხებით მის ბგერებს, უჩვენებთ, როგორ წარიმართება საუბარი და სტიმულს აძლევთ, განაგრძოს ალაპარაკების მცდელობები. თუ მშობლები არ რეაგირებენ ბავშვების ღუღუნზე და ტიტინზე, ისინი ნელ-ნელა წყვეტენ ურთიერთობის მცდელობას.
გამოყავით დრო საუბრისთვის
- სულაც არ მოგეთხოვებათ ბევრი ძალისხმევის გამოჩენა, რომ იპოვოთ დრო შვილთან სასაუბროდ და მისი პასუხების მოსასმენად. თქვენ მასთან ისედაც ატარებთ გარკვეულ დროს, უბრალოდ უნდა აღუწეროთ ხოლმე ის ქმედებები, რასაც აკეთებთ, როცა მას აცმევთ, უმზადებთ კერძს, მიდიხართ სუპერმარკეტში... ნახავთ, როცა ბავშვთან ურთიერთობაში საუბრებს ჩართავთ, სულაც არ დაგჭირდებათ ბევრი დრო, სულ ცოტა მონდომებაა საჭირო.

