მკაფიო საზღვრების დაწესება





ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რა შეიძლება გააკეთონ და რა - არა. გასაგები და დადგენილი შეზღუდვები ეხმარება მათ, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და მისაღები ქცევის მაგალითს აძლევს.
შექმენით გარემო მკაფიო საზღვრებით
- ბავშვებისთვის საზღვრების დაწესება შეიძლება ძალიან რთული იყოს. მშობლები ხშირად იმის გავლენის ქვეშ ვართ, თუ რის უფლებას გვაძლევდნენ თავად ჩვენ ბავშვობაში და რა სახის შეზღუდვებს გვიწესებდნენ მშობლები. ჩვენზე ასევე გავლენას ახდენს ის, თუ რის ნებას რთავენ სხვა მშობლები შვილებს და ამიტომ მუდმივად ვცდილობთ სწორი ბალანსის პოვნას. მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ოქროს შუალედი სრულ თავისუფლებასა და ზედმეტ სიმკაცრეს შორის.
- არ არის საჭირო, ყოველთვის დაეთანხმოთ. ზოგჯერ შეიძლება უფრო მარტივი ჩანდეს, რომ ბავშვს რაღაცის ნება მისცეთ, რადგან ამ შემთხვევაში ის ტირილს შეწყვეტს და კარგ ხასიათზე იქნება, მაგრამ როდესაც ჩვენ ყოველთვის ყველაფერზე ვეთანხმებით ჩვენს შვილებს, ისინი ისეთ ადამიანებად იზრდებიან, რომლებსაც არ შეუძლიათ არანაირი შეზღუდვის მიღება. შეუზღუდავი თავისუფლების მქონე ბავშვი შეიძლება გახდეს ზრდასრული, რომელიც არ აღიარებს მასწავლებლების, სხვა ზრდასრულების, დამსაქმებლების და კანონის ავტორიტეტსაც კი.
- არ არის საჭირო, ყოველთვის თქვათ "არა". მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ ყოველთვის უარს ვეუბნებით და ყველაფერს ვუკრძალავთ, ისინი ხდებიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ფიქრი და გადაწყვეტილებების მიღება.
დაეხმარეთ ბავშვს, გაიაზროს საზღვრები
შეზღუდვების დაწესება ყველაზე ეფექტურია, როდესაც თქვენი შვილი გრძნობს, რომ თქვენ მისი გესმით და პატივს სცემთ. მშობლები ზოგჯერ ცდილობენ ბავშვის დისციპლინირებას საუბრებით, მუდმივი მითითებით და მინიშნებით, თუ რა უნდა გააკეთოს. თუმცა, ზოგჯერ ქმედებები სიტყვებზე უფრო შედეგიანია. ჩახუტება, თვალის ჩაკვრა, ღიმილი და მისი გააზრებული საქმიანობისთვის მშვიდად თვალის დევნება, თქვენს შვილს აგრძნობინებს, რომ ის სწორ გზაზეა. ზოგჯერ მხოლოდ ხელის გაწვდენა ან ბავშვისთვის დახმარების შეთავაზება უკვე საკმარისი მხარდაჭერაა. ანალოგიურად, აწეული წარბი ან წარბების შეჭმუხვნა უკმაყოფილებას უკეთ გამოხატავს, ვიდრე გაბრაზებული სიტყვები და ყვირილი. აქ მოცემულია რამდენიმე მიდგომა, რომელთა გამოყენებაც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენთვის.საყოფაცხოვრებო საგნები და სათამაშოები დანიშნულებისამებრ გამოიყენეთ.
- უჩვენეთ, როგორ გამოიყენოს სათამაშოები. თუ თქვენი შვილი ფაზლის აწყობას ცდილობს, უთხარით: „ნაზად მოეპყარი სათამაშოებს“, შემდეგ აიღეთ ერთ-ერთი ნაწილი და შეეცადეთ თითოეულ ღიობში ჩასმა სცადოთ მანამ, სანამ სწორ ადგილას არ მოხვდება. პატარა ბავშვები ზოგჯერ ახირებას აჰყვებიან და ისვრიან სათამაშოებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დამანგრევლები არიან და, როგორც წესი, ადვილია მათი გადართვა კონსტრუქციულ აქტივობაზე. თუ სათამაშოს სროლას განაგრძობს, შესაძლოა, ის ცდილობს გითხრათ, რომ რაღაცის სროლა სურს და შეგიძლიათ გადაამისამართოთ და უთხრათ: „გავიდეთ გარეთ და შენი ბურთი ვისროლოთ“.
- ნივთები გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ. კარგი მაგალითი აჩვენეთ, თუ რა დანიშნულებით უნდა გამოიყენოს ნივთები, აჩვენეთ, რომ „სკამები დასაჯდომად არის, საწოლები - ძილისთვის, მაგიდები - ჭამისთვის და ა.შ.“. თუ საწოლზე ხტება, უთხარით: „საწოლი ძილისთვისაა. შეგიძლია ქუჩაში ირბინო და იხტუნაო“. დარწმუნდით, რომ ეს წესები ყველას ეხება და არა მხოლოდ თქვენს შვილს. თქვენც არ უნდა დადგეთ სკამზე!
მიეცით მაგალითი, შექმენით და დაიცავით წესრიგი.
- აჩვენეთ, როგორ დაალაგოს სათამაშოები. თაროებზე მხოლოდ რამდენიმე სათამაშო დატოვეთ, დანარჩენი კარადაზე გადაიტანეთ და ხშირად გადაანაცვლეთ, რათა სათამაშო სივრცე ყოველთვის ციცნხალი და მოწესრიგებული იყოს. თუ ნივთების დალაგების მაგალითს მისცემთ, თქვენი შვილიც საბოლოოდ იმავეს გააკეთებს. თქვენს ორი წლის ბავშვს უყვარს წესრიგი და სურს, მის სამყაროში წესრიგი იყოს. ის ითვისებს იმას, თუ სად თავსდება ნივთები და სამი წლის ასაკში უკვე შეუძლია, თავად დაალაგოს ისინი. შეგიძლიათ დაეხმაროთ და ხალისიანად უთხრათ: „საინტერესოა, სად უნდა წავიღოთ კუბები, როცა თამაშს დავასრულებთ?“. მოწესრიგებული გარემო ეხმარება თქვენს პატარას, საკუთარი გონების სტრუქტურირებისკენაც ისწრაფვოს.
- მოიქეცით ისე, როგორც გსურთ, თქვენი შვილი მოიქცეს. თქვენი ქმედებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რას ამბობთ. თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა მხოლოდ მაგიდასთან მჯდომარემ ჭამოს, მაშინ ეს თავადაც უნდა გააკეთოთ და არ მიირთვათ სეირნობისას, ტელეფონზე საუბრისას ან მანქანაში ყოფნისას. თქვენს შვილს არ შეუძლია შეეგუოს იმ ფაქტს, რომ წესები მხოლოდ მისთვის არის. თუ თქვენი შვილი ჭამის დროს დგება ან საჭმელთან თამაშს იწყებს, უთხარით: „ვხედავ, რომ ჭამა დაასრულე“ და აიღეთ მაგიდიდან საკვები. ჭამის დროს მაგიდასთან ბოლომდე დარჩენის უნარი თანდათან გააძლიერებს მის უნარს, აკონტროლოს იმპულსები.
- დაადგინეთ რამდენიმე აკრძალული ზონა, სადაც არ შეიძლება მისთვის მისვლა. როდესაც ასეთ ზონებს შექმნით, კონფლიქტს შეამცირებთ. მაგალითად, შეგიძლიათ კარადის კარზე ბავშვისგან დამცავი საკეტი გამოიყენოთ, რათა თქვენს პატარას სანელებლების ამოღება და დაყრა არ შეეძლოს და ამ შემთხვევაში თქვენ აღარ გაღიზიანდებით, როდესაც ის ამას გააკეთებს.
როდესაც რაღაცას უშლით და სხვა რამისკენ ამისამართებთ, კეთილგანწყობილად ესაუბრეთ.
- თქვენი მოთხოვნები დადებითი მიმართულებით ჩამოაყალიბეთ და არა უარყოფითი. საჭმლის მომზადებისას თქვით: „ფქვილს თასში ვყრით“, და არა - „ფქვილი იატაკზე არ დაყარო“.
- როდესაც ორი წლის ბავშვს რამეს სთხოვთ, გააგებინეთ, რისი გაკეთება გსურთ. ბრძანების ნაცვლად: „მაგიდიდან გადმოდი“, ჩამოსვით ბავშვი მაგიდიდან და უთხარით: „ფეხებით იატაკზე ვდგებით“.
- როდესაც თქვენი შვილი მთელ სახლში დარბის და ცოცავს, დარწმუნდით, საკმარისი დრო გაატარა თუ არა გარეთ. როდესაც ის სახლში დარბის, მშვიდი ხმით უთხარით: „სახლში ასე დავდივართ“, და გაიარეთ მასთან ერთად, რათა აჩვენოთ, როგორ.
- თუ თქვენს შვილს სუპერმარკეტში ტკბილეული უნდა, შეგიძლიათ უთხრათ: „დღეს ვაშლს ვყიდულობთ“. ეს ყურადღებას იმაზე გადაატანინებს, თუ რას აკეთებთ და არა იმაზე, თუ რას არ აკეთებთ. ხშირად, როდესაც თქვენს პატარას სურს საყიდლების კალათიდან ნივთის ამოღება, სინამდვილეში მას მხოლოდ მისი სახელწოდების გაგება უნდა. შეგიძლიათ დაეხმაროთ და უთხრათ: „ვაშლის დაჭერა გინდა? ვაშლი წითელია. გინდა ვაშლი დაყნოსო? მოდი, ოთხი ვაშლი ვიყიდოთ. შეგიძლია დამეხმარო ვაშლების კალათაში ჩადებაში?“ როდესაც ახმოვანებთ იმას, თუ რას ხედავს ან აკეთებს თქვენი შვილი, თქვენ მას უზრუნველყოფთ სიტყვებით და ფრაზებით, რთავთ პროცესში და ყურადღება გადაგაქვთ იქიდან, რაც ერთი წუთის წინ სურდა.
მოერიდეთ ზედმეტ სტიმულაციას
- ყოველთვის იქნება დრო, როდესაც თქვენს შვილს გაუჭირდება საკუთარი თავის კონტროლი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშიერია, დაღლილი ან ზედმეტად აგზნებულია. ზოგიერთი რესტორნის თუ მაღაზიის გარემო ზედმეტად აღაგზნებს პატარა ბავშვს. უფროსებს აქვთ მკაცრი განათების ან მკვეთრი ხმების გაფილტვრის უნარი, მაგრამ პატარა ბავშვი ჯერ კიდევ ავითარებს ამ უნარებს.
- მოერიდეთ მისთვის კოფეინის, ძალიან ბევრი შაქრის მიცემას და არ მისცეთ უფლება, უყუროს ტელევიზორს, ასევე - კომპიუტერსა და მობილურ ტელეფონს.
გამოყავით დრო
- შეზღუდვები შეიცვლება თქვენი შვილის ზრდასთან და განვითარებასთან ერთად და ის შეძლებს საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობის აღებას. თქვენც მოგიწევთ მასთან ერთად გაზრდა და ცვლილებების შეტანა, რადგან ის, რაც შეიძლება შესაფერისი იყოს 1 წლის ბავშვისთვის, შეიძლება ნაკლებად შეეფერებოდეს 3 წლის ბავშვს. მნიშვნელოვანია, თქვენც შეიცვალოთ მასთან ერთად, რათა მან იგრძნოს, რომ ენდობით და ეს მას დაეხმარება, თავად დააწესოს საკუთარი თავისთვის საზღვრები ზრდის შესაბამისად.