ხშირად დასმული შეკითხვეი 2-დან 3 წლამდე ბავშვთან კომუნიკაციაზე
ეხმარება თუ არა ტელევიზორი ბავშვის ენობრივ განვითარებას?
ჩემს შვილს ტელევიზორის ყურება ძალიან უყვარს. თავიდან დღეში მხოლოდ ნახევარი საათით ვაძლევდი უფლებას, რომ საყვარელი გადაცემა ენახა, მაგრამ ახლა უფრო და უფრო ხშირად ითხოვს ჩართვას. მე ეს ნამდვილად მეხმარება, რომ ცოტაოდენი სიმშვიდე და სიწყნარე მქონდეს სამუშაოს შესასრულებლად. ვიცი, რომ პატარა ბავშვებმა დიდხანს არ უნდა უყურონ ტელევიზორს, მაგრამ იქნებ ტელევიზორიდან მოსმენილი ამდენი ახალი სიტყვა დადებით გავლენას მოახდენს ენობრივ განვითარებაზე?
არა, ასე არ არის. ამერიკის პედიატრთა აკადემიის თანახმად, „3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ტელევიზორის ყურება აკრძალულია“. ტელევიზორი ენის შესწავლის ინსტრუმენტი არ არის. თქვენს შვილს სჭირდება კონკრეტული და პირდაპირი საუბარი ადამიანებთან, ინტერაქციით და დიალოგის შესაძლებლობით. ენას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ბავშვისკენაა მიმართული და მის გარემოსთან დაკავშირებული. თქვენი შვილი ყოველთვის ვერ გაიგებს, რაზე საუბრობენ ან რას აკეთებენ ტელევიზორში გამოსახული პერსონაჟები. ტელევიზორის ენა მისთვის მიუწვდომელია. ბავშვებს აწუხებთ ხმაური: როცა ოთახში ჩართულია ტელევიზორი და ახალი ამბები ჟღერს, სამზარეულოში აიპოდზე ჯაზი უკრავს და თან ტელეფონი რეკავს, ამ ყველაფერს სენსორული გადატვირთვა შეიძლება მოჰყვეს. ფილმები, DVD და კომპიუტერის ეკრანიც იმავე კატეგორიას მიეკუთვნება: 3 წლამდე ბავშვს არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი ამ მოწყობილობებთან.
