ხშირად დასმული შეკითხვები საშინაო საქმეების შესრულებაზე

ჩემი შვილი არ ავლენს საშინაო საქმეების კეთების დიდ ინტერესს

ვცდილობ, ჩემი შვილი სახლის საქმეებში ჩავრთო, მაგრამ, როგორც წესი, ყველაფერი ისე მთავრდება, რომ ის ამ ნივთებით თამაშობს, მე კი საქმეს ვასრულებ. როგორ დავაინტერესო, რომ უფრო ჩაერთოს და დაასრულოს საქმე?

როგორც ჩანს, მოლოდინები ოდნავ უნდა შეცვალოთ. ამ ასაკის ბავშვები არ არიან შედეგზე ორიენტირებულები და ისინი ნამდვილად არ გააკეთებენ საქმეს იმავე სისწრაფით და შედეგით, როგორც თქვენ გსურთ. თავდაპირველად, მოგიწევთ თქვენს შვილთან ერთად იმუშაოთ პრინციპით - „მე ამას გავაკეთებ, შენ - იმას“. არარეალურია მოელოდეთ, რომ თქვენი შვილი მთლიანად შეასრულებს დავალებას დამოუკიდებლად. როდესაც მისი ყურადღება გაფანტულია, მცირე დეტალით დააინტერესეთ. მაგალითად, თუ ის გეხმარებათ ჭუჭყიანი ტანსაცმლის სარეცხ მანქანაში ჩადებაში, შესთავაზეთ, იპოვოს ყველა წინდა ან ყველა პერანგი, სანამ თქვენ გააგრძელებთ დანარჩენი ტანსაცმლის სარეცხ მანქანაში მოთავსებას. ფოკუსირება დავალების ერთ ნაწილზე დაეხმარება მას ჩართულობის შენარჩუნებაში და წარმატების განცდას შეუქმნის დასრულების შემდეგ.

მეშინია, რამე არ დაიზიანოს

მინდა, ჩემს შვილთან ერთად ასეთი პრაქტიკული რაღაცები გავაკეთო, მაგრამ მეშინია, რომ თავს დაიზიანებს. მაგალითად, თუ ბანანის დაჭრას აპირებს, მას სჭირდება დანა, რომელიც ნამდვილად ჭრის, თორემ ვერ შეძლებს ამის გაკეთებას, მაგრამ თუ ნამდვილ დანას მივცემ, შეიძლება თავი დაიზიანოს. რას მირჩევთ?

სავსებით მართალი ხართ, მას ნამდვილად სჭირდება დანა, რომელიც ნამდვილად გაჭრის და თუ პატარა ბავშვებს ასეთ ნივთებს ვაძლევთ, კარგად უნდა დავფიქრდეთ, როგორ გავაკეთოთ ეს. მნიშვნელოვანია, აჩვენოთ ბავშვს, როგორ დაიჭიროს დანა ისე, რომ თავი არ დაიზიანოს, დანის პირი ქვევით ჰქონდეს და თითები სახელურზე ეკიდოს. არ არის აუცილებელი, მისცეთ ბასრპირიანი დანა, მაგრამ შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ პირი ბასრია და ფრთხილად უნდა იყოს მასთან. აჩვენეთ, როგორ უნდა დაადოს მეორე ხელის თითები ბანანზე, რომ არ გაიჭრას. გაგიკვირდებათ, რამდენად ფრთხილად მოიქცევა, როდესაც დაეხმარებით იმის დანახვაში, რომ სიფრთხილე უნდა დაიცვას.