ხშირად დასმული შეკითხვები 18-დან 24 თვემდე ასაკის ბავშვებთან კომუნიკაციაზე

წარმოთქმის სირთულეები

ჩემი პატარა ბიჭი მალე ორის გახდება და გამუდმებით ლაპარაკობს, თუმცა პრობლემა ის არის, რომ მიჭირს მისი გაგება. მინდა დავეხმარო, რომ სწორად წარმოთქვას სიტყვები, თუმცა არ ვიცი, ეს როგორ გავაკეთო.

თქვენი შვილი ლაპარაკს ირგვლივ მყოფი ადამიანების საუბრის მოსმენით სწავლობს. ის გისმენთ და ცდილობს, თავადაც გამოსცეს იგივე ბგერები. სწორი ბგერების გამოცემა და საბოლოოდ საუბარი მრავალი ფაქტორის ერთობლიობაზეა დამოკიდებული, მაგალითად, როგორ ვამოძრავებთ ტუჩებს, ენას, და ამ ყველაფრის განვითარებას დრო სჭირდება. თქვენი შვილის ერთადერთი დახმარება ის არის, რომ თქვენი ლაპარაკი გაიგოს გარკვევით და მიეცეს უამრავი შესაძლებლობა, თავად ივარჯიშოს. ნუ ცდუნდებით, რომ შეუსწოროთ, რასაც ამბობს, რადგან ის ვერ შეძლებს სწორად თქმას მანამ, სანამ მზად არ იქნება და მისი მცდელობების დროს მუდმივმა შენიშვნებმა და მითითებებმა, შეიძლება შეამციროს მისი თავდაჯერებულობა. სინამდვილეში, ეს ისეთივე მარტივია, როგორც მასთან საუბარი და მისი პასუხების მოსმენა, დანარჩენი დროს მიანდეთ.

წიგნების რეკომენდაციები

როგორი წიგნებია შესაფერისი 1,5 წლის ბავშვისთვის? წიგნების მაღაზიებში უზარმაზარი არჩევანია, ვიბნევი და ვერ ვიგებ, რომელი წიგნები შეეფერება ამ ასაკის ბავშვს.

18 თვის ასაკში ბავშვის ყველაზე დიდი მოთხოვნილება ენის შესწავლისას, არის სიტყვების პოვნა მის გარშემო არსებული ყველა საგნისთვის. ამ დროს მას სიტყვები სწყურია და წიგნები შესანიშნავი საშუალებაა ლექსიკის გასამდიდრებლად. ყურადღება უნდა გაამახვილოთ წიგნებზე, რომლებიც მარტივ ამბებს მოგვითხრობენ იმ მოვლენებზე, რომლებსაც თქვენი შვილი ყოველდღიურ ცხოვრებაში წააწყდება, როგორიცაა პარკში ან მაღაზიებში სიარული, ჩაცმა, და-ძმებთან ან მეგობრებთან თამაში, ბებიასთან სტუმრობა, ავტობუსით ან მატარებლით მგზავრობა, ზღვის პირას ან ზოოპარკში სიარული. ის ადვილად გაიგებს ამ წიგნებს, რადგან ისინი ეხება ისეთ რაღაცებს, რაც მისთვის ნაცნობია. ეს ეხმარება საკუთარი ცხოვრების გაგებაში და აწვდის ლექსიკას მის აღსაწერად. ფენტეზის ჟანრის წიგნები ამ ასაკში არ არის შესაფერისი, რადგან მას არ შეუძლია რეალურისა და არარეალურის სხვაობის გაგება და სიცხადის ნაცვლად, ეს დააბნევს.