შექმენით ამბებით და სიმღერებით სავსე სამყარო
- განაგრძეთ ხარისხიანი წიგნების ძიება, ილუსტრაციებით და ცხოვრებისეული ამბებით.
- ეძებეთ წიგნები, რომლებიც დაეხმარება თქვენს შვილს "ენობრივი აფეთქების" პერიოდში. თუ სამუშაო იარაღები აინტერესებს, უჩვენეთ რეალური ინსტრუმენტები - ჩაქუჩი, სახრახნისი, სასვრეტელა - და მოძებნეთ წიგნები იარაღების ფერადი გამოსახულებით, ან წიგნი დურგალზე.
- წიგნები გამოსახსნელი და მოცულობითი ნახატებით ძალიან მოსწონთ ამ ასაკის ბავშვებს და იდეალურია, როცა წიგნში გამოყენებული სიტყვების განხილვა გვსურს.
- ამ ასაკში ბავშვებს კვლავ აინტერესებთ ამბები ნაცნობი სიტუაციებით, თუმცა უკვე უჩნდებათ ინტერესი იმ ნახატების მიმართ, რომლებიც სავსეა ინფორმაციით, მოქმედებით და წვრილმანებით.
- მოძებნეთ სიმღერები უფრო რთული ტექსტით და სტრუქტურით. ბავშვი ამ ეტაპზე უფრო მეტ სიტყვას ითვისებს, ამიტომ განაგრძეთ მისი შიმშილის დაკმაყოფილება და სულ უფრო რთული სიმღერები შესთავაზეთ.
- ამ ასაკში განსაკუთრებით კარგია წიგნები, რომლებშიც არის საბავშვო სიმღერები მისამღერებით, ხმოვანი ეფექტებით ან ქმედებებით, რომელთა გამეორებაც შეიძლება.
- წიგნები, რომლებშიც არის რითმები, რიტმი და გამეორებები, ბავშვის გრამატიკულ მეტყველებას ავითარებს.
დაეხმარეთ ბავშვს, დაუკავშირდეს ამბებს და სიმღერებს
- როცა ბავშვი უკვე იცნობს წიგნს, შეგიძლიათ ესაუბროთ იქ გადმოცემული ამბების, მოთხრობებისა და ზღაპრების გმირებზე ან მოვლენებზე და წიგნში მომხდარი თქვენი შვილის გამოცდილებას შეადაროთ.
- როცა კითხულობთ წიგნს ადვილად გასაგები ამბებით, სადაც ტექსტი მეორდება და ნახატებიც შესაბამისია, გააკეთეთ პაუზა ხმამაღლა კითხვისას, რათა ბავშვმა შეძლოს სიტყვის ან ფრაზის ჩასმა.
- მოიფიქრეთ მოძრაობები თქვენი შვილის საყვარელი სიმღერებისთვის, რათა ისინი ერთად შეასრულოთ. მოქმედებები ბავშვს დაეხმარება სიტყვების მნიშვნელობების გაგებასა და ინტერპრეტირებაში.
გამოყავით დრო ბავშვთან ერთად საკითხავად და სამღერად
- განაგრძეთ სივრცისა და დროის გამოყოფა ბავშვთან ერთად სიმღერისა და კითხვისთვის, რეგულარული ყოველდღიური აქტივობის სახით და როგორც ძილისთვის მოსამზადებელი პროცესის აქტიური ნაწილი. მშვიდად უამბეთ რაიმე, საღამოს მის საწოლზე წამოწოლილმა - ეს შესანიშნავი ხერხია, დაძინებაში დაეხმაროთ და თან დღის დასასრულის სიგნალია.
ამ ასაკისთვის შესაფერისი სიმღერების ნიმუშები
კარუსელი
გოგონები, ბიჭუნები
წრეში დგებიან,
ზოგი - ეტლზე, ზოგი - ცხენზე,
შემოსხდებიან.
ტრიალებს, ბრუნავს,
კარუსელი რომ ჰქვიანო,
ყველასთვის ბრუნავს,
ყველასთვის ზრუნავს,
არ დაიგვიანო.
ზამთარს მოსდევს გაზაფხული,
ტურფა, მზიანი,
ზაფხულს მოსდევს შემოდგომა -
ოქროსთმიანი.
ტრიალებს, მარად, ტრიალებს მარად,
დედამიწა რომ ჰქვიანო,
იარე ჩქარა, იარე ჩქარა,
არ დაიგვიანო.
/ინოლა გურგულია/
ორი რეზო
ერთ პატარა ეზოს,
ჰყავდა ორი რეზო
და ორივე ერთად
ექვსი წლის.
გაბუტული სხვებთან,
დადიოდნენ ერთად
და არ ქონდათ დარდი
არაფრის.
პატარა ეზო
და ორი რეზო,
ორივე ერთად
ექვსი წლის.
დაეკარგათ ბურთი,
ვერ იპოვნეს ბურთი
ამბობს ერთი რეზო:
ეს რა ხალხია
შენ დაკარგე ბურთი.
მე დავკარგე ბურთი?
შენ დაკარგე ბურთი,
თუ კარგია.
პატარა ეზო
და ორი რეზო,
ორივე ერთად
ექვსი წლის.

