კომუნიკაცია: ათი რჩევა

ათი რამ, რის გაკეთებაც შეგიძლიათ სახლში, რომ ბავშვს საუბარში დაეხმაროთ

შექმენით მშვიდი და წყნარი გარემო თქვენი ბავშვისთვის, დაიცავით ის ხმამაღალი ბგერებისგან. აუცილებელია ტელევიზორის და ფონური ხმის დაწევა, რათა სასიამოვნო და მყუდრო გარემო შეიქმნას თქვენი შვილისთვის. ბავშვს ყველაზე ხშირად ადამიანების ხმები უნდა ესმოდეს.

ესაუბრეთ თქვენს შვილს. როცა პატარა ბგერებს გამოსცემს, ღუღუნებს, მოახდინეთ რეაგირება, თითქოს ესაუბრებით. მალე ეს ბგერები ტიტინად გადაიქცევა - ეს საუბრის პირველი მცდელობაა. ესაუბრეთ ბავშვს მთელი დღის განმავლობაში და დაე ეს სხვა ადამიანებმაც გააკეთონ, ძიძამ თუ ნათესავებმა.

წაუკითხეთ მოთხრობები, ლექსები, უმღერეთ. როცა ბავშვებს რეგულარულად უკითხავენ, მათი ლექსიკური მარაგი იზრდება და შემდგომში ისინიც კარგი მკითხველები დადგებიან. უკითხეთ ბავშვს დაბადების პირველი დღეებიდან. მათ მოსწონთ ერთი და იმავე წიგნის თუ ამბის ხელახლა მოსმენა. ასევე შეგიძლიათ დაათვალიეროთ მასთან ერთად წიგნები საყოფაცხოვრებო ნივთების, მოვლენების თუ ქმედებების რეალური ფოტოებით. უმღერეთ თქვენი საყვარელი სიმღერები.

ილაპარაკეთ მკაფიოდ და გარკვევით. აღწერეთ ყოველდღიური პროცედურები, რასაც მასთან ერთად აკეთებთ. იმის პარალელურად, თუ რას ლაპარაკობთ და კითხულობთ, ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშვნა ბავშვის მცდელობებისა, გამოსცეს ბგერები, მაგალითად, საპასუხო ღიმილით, მოფერებით ან იმ ბგერის გამეორებით, რომელიც მოისმინეთ.

საკუთარ საუბარში არ გამოიყენოთ "ბავშვური ენა", "ტიტინი", ნუ მოუჩლექთ ენას. ბავშვი შეიძლება დაიბნეს, მისთვის აუცილებელია სწორი მეტყველების მოსმენა, რომელსაც ზრდასრულები იყენებენ ერთმანეთში საუბრისას. ესაუბრეთ ბავშვს გარკვევით და მკაფიოდ. ის ჯერ ახლა სწავლობს და მან აუცილებლად უნდა დაიმახსოვროს ბევრი ახალი სიტყვა. ის ობიექტებს სიტყვებთან აკავშირებს, შესაბამისად, უნდა ესმოდეს ყველაფრის დასაელება, რასაც ეჭიდება თუ უყურებს.

ყოველთვის გამოეხმაურეთ მის საუბრის მცდელობებს. თქვენი რეაქცია დაეხმარება ბავშვს, უფრო სწრაფად გადავიდეს ჟესტებიდან სიტყვებზე. ასე ბავშვს ესმის, რომ მის ძალისხმევას შედეგი მოაქვს. როდესაც ბავშვს უსმენთ და პასუხობთ: "შენი სიტყვები მნიშვნელოვანია ჩემთვის", - თქვენ აწყობთ ურთიერთობას, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის სურვილს, მალე ალაპარაკდეს.

ისაუბრეთ სწორად, გამოიყენეთ არა მხოლოდ ზოგადი ცნებები, არამედ კონკრეტული სახელწოდებებიც: "ნივრის საჭყლეტი", "საშხაპე ფარდა". დაასახელეთ საგნები, რომლებსაც კავშირი აქვთ სახლის ყველა ოთახთან: დაასახელეთ ყველა საგანი, რაც სამზარეულოშია, სააბაზანოში და ა.შ.

ნუ გაიმეორებთ შეცდომით წარმოთქმულს, ნუ აქცევთ მას ოჯახურ ოხუნჯობად. თუ ბავშვი ამბობს "პასგეტი", მას უპასუხეთ სწორად წარმოთქმული სიტყვებით: "ვახშმად სპაგეტი გვაქვს". როდესაც ფრაზას სწორი ფორმის გამოყენებით იმეორებთ ან განაგრძობთ საუბარს, თქვენ ამით ეხმარებით ბავშვს, გაიგოს და დაიხსომოს სიტყვების ზუსტი მნიშვნელობეი და მათი გამოყენების საშუალებები.

რიგრიგობით მოუყევით ამბები, არა მხოლოდ წიგნებიდან, არამედ ცხოვრებისეულიც. თქვენს შვილს აუცილებლად მოეწონება ძილის წინ ნაამბობი ამბავი იმ მოვლენებზე, რომლებიც მას დღის განმავლობაში გადახდა. მაგალითად, "დღეს შენ გაიღვიძე, ჩაიცვი მწვანე შარვალი და დინოზავრიანი მაისური, გაიხეხე კბილები და ა.შ."

იპოვეთ დრო, რომ მოუსმინოთ. მოითმინეთ, თუნდაც ბოლომდე არ გესმოდეთ, რას ამბობს. ნუ შეაწყვეტინებთ, ნუ უკარნახებთ სიტყვას, მიეცით დრო, თავად გამოთქვას თავისი აზრი. თქვენი ინტერესით მას აძლევთ სტიმულს, შემდგომში კიდევ უფრო მეტი მონდომებით სცადოს ლაპარაკი.