იყავით თანმიმდევრული

შექმენით გარემო, სადაც თქვენს შვილს ეცოდინება წინასწარ, რა მოხდება და თქვენ როგორი რეაქცია გექნებათ

  • უნდა გახსოვდეთ, რომ როგორც მშობელს, თქვენ გაკისრიათ მთავარი პასუხისმგებლობა და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, რომელი შეზღუდვებია თქვენი ოჯახისთვის ეფექტური. თუმცა, მას შემდეგ, როცა ამას გადაწყვეტთ და საზღვრებს დააწესებთ, ყოველთვის თანმიმდევრული უნდა იყოთ. ბავშვები თავს დაცულად გრძნობენ, როდესაც რუტინა და წესრიგია და როცა გონივრულ და თანმიმდევრულ შეზღუდვებს აწესებთ. თქვენი შვილისთვის გაუგებარია, როდესაც ერთ დღეს რაღაცის უფლებას აძლევთ და მეორე დღეს - არა.

დაეხმარეთ თქვენს შვილს, გააცნობიეროს შეზღუდვები და დარჩით თანმიმდევრული ყოველთვის

დააწესეთ გონივრული წესრიგი, რომელიც დაეხმარება ბავშვს, ყოველთვის იცოდეს, რას ელოდოს და თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.

  • ბევრი პრობლემის თავიდან აცილება შესაძლებელია თანმიმდევრული რუტინის შექმნით, რაც საშუალებას მოგცემთ უზრუნველყოთ ერთსა და იმავე დროს ძილი, რეგულარული კვება და ერთად ყოფნის დრო, როცა ის შეძლებს დახარჯოს ენერგია და გარეთ ითამაშოს.
  • ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასვლა შეიძლება რთული იყოს პატარა ბავშვებისთვის, ამიტომ კარგია ისეთი რიტუალების შექმნა, რომლებიც დაეხმარება თქვენს შვილს იმის პროგნოზირებაში, თუ რა მოხდება შემდეგ. მაგალითად, სავაჭრო ჩანთების აღება იმის მანიშნებელია, რომ სახლიდან გასვლისა და საყიდლებზე წასვლისთვის ემზადებით, ან ზურგჩანთის საკიდიდან ჩამოღება იმის მანიშნებელია, რომ საბავშვო ბაღში წასვლის დროა. დაბანის შემდეგ წიგნის წაკითხვა ძილის დროზე მიუთითებს. ეს ქმედებები ეხმარება თქვენს შვილს იმის გაგებაში, თუ რა მოხდება შემდეგ და ამცირებს კონფლიქტს.

აგრძნობინეთ ბავშვს, რომ სერიოზულად ხართ განწყობილი

  • სამ წლამდე ასაკის ბავშვს არ შეუძლია სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა და სურს ის, რაც სურს. მას არ შეუძლია იფიქროს იმაზე, თუ რა არის უსაფრთხო ან მიზანშეწონილი, ამიტომ თქვენზეა დამოკიდებული საზღვრების დაცვა. ამ ასაკში ბავშვებმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად უნდა იგრძნონ. მათ შეუძლიათ მიხვდნენ, როდის ხართ სერიოზულად განწყობილი. მათ უნდა იგრძნონ, რომ საჭიროების შემთხვევაში გააკონტროლებთ სიტუაციას, შეაჩერებთ გზის გადაკვეთისას ან სუპერმარკეტში სირბილის დროს. სახიფათო ქცევა თქვენგან მტკიცე ქმედებას მოითხოვს: „ახლა ხელში აგიყვან და სახლში დავბრუნდებით“. როდესაც ბავშვები ხვდებიან, რომ ამას სერიოზულად ამბობთ, ისინი სწორად რეაგირებენ. უნდა გახსოვდეთ, რომ პერიოდულად თქვენი შვილი გამოცდის ამ საზღვრებს, რათა გაარკვიოს, არის თუ არა ისინი მტკიცე და თქვენი ამოცანაა მტკიცე იყოთ, თუნდაც ბავშვი აპროტესტებდეს.

გამოყავით დრო

  • საზღვრების დაწესება და მათი დაცვა ზოგჯერ შეიძლება რთული იყოს. ზოგჯერ, როდესაც ვიღლებით ან საჯარო სივრცეში ვართ და არ გვინდა უხერხული სცენები, უფრო მარტივად გვეჩვენება დანებება. თუმცა იცოდეთ, საბოლოოდ მხოლოდ სიმტკიცისა და თანმიმდევრულობის უნარი გაამართლებს. რაც უფრო თანმიმდევრული იქნებით, მით უფრო სწრაფად მოერგება თქვენი შვილი თქვენი ოჯახის შეზღუდვებს. ყოველ ჯერზე, როცა კომპრომისზე მიდიხართ ან ბავშვს საკუთარ ნებასურვილზე ატარებთ, რადგან ეს უფრო ადვილი ჩანს, თქვენ მას ანიშნებთ, რომ ყველა ზღვარი პირობითია. როდესაც თქვენი ბავშვი გრძნობს, რომ შეზღუდვების დარღვევა შეიძლება, მუდმივად მოლაპარაკების რეჟიმში აღმოჩნდებით და სამწუხაროდ, პატარა ბავშვთან მოლაპარაკება, როგორც წესი, ტირილითა და ისტერიკით სრულდება.