ხშირად დასმული შეკითხვები არჩევანის გაკეთებაზე

მეჩვენება, რომ ჩემი შვილი ყოველთვის მცდარ არჩევანს აკეთებს

ვცდილობ, ჩემს პატარას მივცე საშუალება, არჩევანი გააკეთოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ის არასდროს ირჩევს იმას, რაც მე მსურს და ბოლოს ვეუბნები, რომ ამის გაკეთება არ შეუძლია, და ვთავაზობ, რაიმე სხვა ხომ არ უნდა? ზოგჯერ კმაყოფილია ამით, ზოგჯერ კი ეს ყველაფერი ტირილით მთავრდება და ხანდახან ვფიქრობ, ხომ არ ჯობდა, არასდროს მეთქვა, რომ შეეძლო აერჩია რაღაც? მაგალითად, ზოგჯერ სუპერმარკეტში ვეუბნები, რომ შეუძლია აირჩიოს, რომელი ხილი მივიტანოთ სახლში სადილისთვის და შეიძლება ისეთი რამ აირჩიოს, რაც ვიცი, რომ არ მოსწონს, ამიტომ არ მინდა მისი ყიდვა, რადგან ვიცი, ტყუილად გადაიყრება. სხვა რამეს ვთავაზობ და საბოლოოდ მაინც არ ჭამს, რადგან ამბობს, რომ თავად სხვა აირჩია. როგორ შემიძლია ხელი შევუწყო მას შესაბამისი არჩევანის გაკეთებაში?

აქ ორი საინტერესო საკითხია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, ბავშვს უნდა შესთავაზოთ რაღაცები ასარჩევად იმგვარად, რომ იოლადაც აარჩიოს და რაც არ უნდა აარჩიოს, ეს თქვენთვის მისაღები იყოს. როცა ძალიან ფართო სპექტრიდან სთავაზობთ არჩევანს, ის დაიბნევა და შემთხვევით არჩევანს გააკეთებს იმის მიხედვით, რამაც უფრო მიიპყრო მისი ყურადღება. მეორეც, თუ მას ნებისმიერი რამის არჩევის უფლებას მისცემთ, მაშინ უნდა მისცეთ საშუალება, განიცადოს არჩევანის შედეგები. შეგიძლიათ უთხრათ: „არ მგონია, ეს ხილი მოგეწონოს, ძვირფასო“, მაგრამ თუ მაინც დაჟინებით მოითხოვს, მიეცით საშუალება, გასინჯოს და თავად გაარკვიოს. პატარა ბავშვებისთვის გამოცდილება ყველაფერია და შემდეგ ჯერზე გაახსენდება, რომ ეს ხილი არ მოეწონა და აღარ მოუნდება მისი ხელახლა არჩევა. ეს მისთვის ბევრად უფრო ძლიერი გაკვეთილი იქნება, ვიდრე თქვენი სიტყვები.