ხშირად დასმული შეკითხვები შეცდომების დაშვებაზე
რა დოზით უნდა დავეხმარო?
ყოველდღე ვაძლევ ჩემს პატარას საშუალებას, სადილის მომზადებაში დამეხმაროს. უმეტესად ეს ძალიან მოსწონს, მაგრამ ხანდახან იმედგაცრუებულია, რადგან რაღაც ცუდად გამოსდის. ვიცი, რომ თავის შეცდომებზე ისწავლის, მაგრამ არ ვიცი, როდის უნდა დავარწმუნო, რომ რაკი დაიწყო, უკვე უნდა დაასრულოს საქმე, და როდის უნდა ავიღო ჩემს თავზე ინიციატივა და გავაგრძელო მისი დაწყებული.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თქვენი პატარა განვითარების პროცესშია. ზოგჯერ კარგად ახერხებს საქმის კეთებას, თავდაჯერებული და ენერგიით სავსე იქნება, არ დაიღლება და განაგრძობს მცდელობას, ზოგჯერ კი შეიძლება დაღლილობა იგრძნოს და მოიწყინოს, როდესაც საქმე ისე არ მიდის, როგორც მას სურს. ჩვევად უნდ გქონდეთ, რომ ამოიცნოთ მისი ემოციური მდგომარეობა ნებისმიერ დროს და შესაბამისად შეცვალოთ თქვენი მოლოდინები. ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ მისცეთ საშუალება გააკეთოს ის, რაც შეუძლია და დაეხმაროთ იქ, სადაც სირთულე ექმნება. შეიძლება, ერთხელ, სენდვიჩის პურზე კარაქი წაუსვას, ორ ნაჭერს ჯემი გადაუსვას და ერთმანეთზე დაალაგოს, რადგან არ გამოსდის დანით ოთხ ნაჭრად დაჭრა. ნუ დაასრულებთ მის ნაცვლად ამ პროცესს. აიღეთ დანა და აჩვენეთ აუჩქარებლად და მკაფიოდ, როგორ დაჭრას ბუტერბროდი ორ ნაწილად. ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემის ნახევარი თქვენ გადაჭერით მისთვის, და უჩვენეთ, როგორ გაანახევროს მთელი. შესთავაზეთ, განაგრძოს. მას მოუნდება ამის გაკეთება, მაგრამ თუ არ მოუნდება, გააკეთეთ მის ნაცვლად. ყოველ ჯერზე, როცა ამას აკეთებთ, აძლევთ მაგალითს, რომ სხვა დროს ეს თავად გააკეთოს.

