ხშირად დასმული შეკითხვები ჩაცმაზე

დღის განმავლობაში არ არის საკმარისი დრო.

ძალიან მინდა, ჩემმა შვილმა თავად დაიწყოს ჩაცმა, მაგრამ როცა ამას ვცდილობ, გაცილებით მეტი დრო სჭირდება და საბოლოოდ მე ვაცმევ, რადგან დღის განრიგს უნდა მივყვე. როგორ შემიძლია დავეხმარო დამოუკიდებლობის განვითარებაში, ჩემი დატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით?

მართალი ხართ: ბავშვის დამოუკიდებლად ჩაცმაში დახმარებას გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ეს რომ თავად გააკეთოთ და ზოგჯერ საკმარისი დრო არ არის. თქვენ გაქვთ ორი ვარიანტი: შეგიძლიათ უფრო ადრე დაიწყოთ ჩაცმის პროცესი ან თავად გააკეთოთ ეს. მეორე ვარიანტში, დროს დაზოგავთ და სწრაფ მოკლევადიან შედეგს მიიღებთ, მაგრამ თქვენი შვილი იზრდება და ვითარდება და უჩნდება სურვილი, ყველაფერი თავად გააკეთოს, ამ დროს ჩაცმა შეიძლება კონფლიქტის წყაროდ იქცეს. საუკეთესო რჩევაა, თუ ნამდვილად არ შეგიძლიათ უფრო ადრე დაწყება, აირჩიეთ გარკვეული პერიოდი, როდესაც საკმარისი დრო გექნებათ, რომ აჩვენოთ ბავშვს, როგორ გააკეთოს რაიმე მარტივი. აჩვენეთ მკაფიოდ, შესაძლოა რამდენჯერმე გაიმეოროთ ერთი პატარა ნაბიჯი და შემდეგ მიეცით საშუალება, თავად სცადოს. თანდათანობით წაახალისეთ, რომ რამდენიმე ნაბიჯი დამოუკიდებლად სცადოს. თუ ძალიან დაღლილია, არ მოუნდება გამეორება და ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია, ეს მისთვის გააკეთოთ. ნელ-ნელა ისწავლის და სიამოვნებას მიიღებს დამოუკიდებლად ჩაცმისგან. გაფრთხილება: არ შეაქოთ ზედმეტად არც ერთ ნაბიჯზე და არ დაკარგოთ მოთმინება, როდესაც მას არ სურს ცდა. როდესაც დრო ცოტაა, აუხსენით, რომ დღეს დაეხმარებით, რადგან გარკვეულ დროს უნდა მოასწროთ.

როგორ დავრწუმდე, რომ ყველა ერთსა და იმავე მიდგომას იყენებს?

ბევრი დრო დავხარჯე იმის საჩვენებლად, თუ როგორ ჩაეცვა ჩემს შვილს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში შესანიშნავ პროგრესს მიაღწია, გულწრფელად აღფრთოვანებულიც ჩანდა, როდესაც ფეხსაცმლის ჩაცმა თავად შეძლო. ახლა, როცა სამსახურში დავბრუნდი, მასზე მზრუნველი ადამიანი ყველაფერს აკეთებს მისთვის და ბავშვმა უარი თქვა თავად რაიმეს გაკეთებაზე. როდესაც ვთავაზობ, რომ ფეხსაცმელი ჩაიცვას, რადგან გარეთ გავდივართ, ცხვირთან მოაქვს ფეხსაცმელი და მეუბნება: „დედა, გააკეთე“. როგორ უნდა ვუპასუხო?

სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ პატარა ბავშვთან ყველა უფროსს თანმიმდევრული მიდგომა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, არ გსურთ, საშინელ ადამიანად გამოიყურებოდეთ, რომელიც ბავშვისთვის არაფერს აკეთებს, სანამ სხვა ყველაფერს უკეთებს და უსრულებს. იქნებ, ყოველ კვირა პატარა დავალებები აირჩიოთ. მაგალითად, შეგიძლიათ დაგეგმოთ, რომ კვირის ბოლომდე თქვენი შვილი წინდების, ქურთუკის ან სვიტერის ჩაცმას ისწავლის. ერთად შეიმუშავეთ მარტივი ტექნიკა, რომელსაც ორივე გამოიყენებთ და რომელიც მას დავალების შესრულებაში დაეხმარება. ყოველდღე განიხილეთ, რა გამოვიდა და რა - არა.

არ ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ.

ამ მარტივ ნაბიჯებს მივყვები, რომ ჩემს შვილს დავეხმარო დამოუკიდებლად ჩაცმაში. ზოგჯერ ძალიან კარგად ახერხებს ამას და შეუძლია ფეხსაცმლისა და ქურთუკის დამოუკიდებლად ჩაცმა, ზოგჯერ კი, თითქოს საერთოდ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. უბრალოდ ყურადღების მიპყრობას ცდილობს თუ ეს ნორმალურია?

ბავშვები ნელ-ნელა ვითარდებიან და საკმაოდ ნორმალურია, რომ ზოგიერთ დღეს მათ არ შეუძლიათ იმის კეთება, რისი გაკეთებაც გუშინ შეეძლოთ. ზოგჯერ ეს შეიძლება იმიტომ იყოს, რომ დაღლილები არიან ან უბრალოდ ყურადღების მიპყრობა უნდათ. ყველას გვაქვს ასეთი დღეები, ზრდასრულ ადამიანებსაც კი, და სრულიად მიზანშეწონილია, რომ ამ დროს თქვენს შვილს დაეხმაროთ. თუ შესაძლებელია, შეეცადეთ, მცირე დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმაროთ და შემდეგ მიეცით საშუალება, გააგრძელოს და დაასრულოს, რაც დაიწყო. მნიშვნელოვანია, თქვენი შვილის დამოუკიდებლობის მიღწევაში დახმარება ორივესთვის დადებით გამოცდილებად დარჩეს და არ იქცეს ბრძოლის ველად.

ჩემი შვილი არ ირჩევს იმ სამოსს, რომელიც მე მინდა, რომ ჩაიცვას.

ჩემს შვილს ძალიან უყვარს ტანსაცმლის არჩევა და საერთო ჯამში, ეს დილით ადგომასა და გარეთ გასვლას ნაკლებად სტრესულს ხდის. თუმცა ზოგჯერ მას სურს ისეთი რამის ჩაცმა, რაც არ შეესაბამება იმას, რასაც ვაპირებთ. მაგალითად, უნდა, რომ პარკში გასვლისას საუკეთესო კაბა ჩაიცვას ან ზაფხულის კაბა ჩაიცვას, როცა გარეთ ცივა. რა ვქნა ასეთ დროს? ვცდილობ, შევთავაზო ტანსაცმლის ის კომპლექტები, რომელთაგანაც შეუძლია არჩევანის გაკეთება, მაგრამ ზოგჯერ სხვა რამეს ამოიჩემებს ხოლმე. არ მგონია, სწორი იყოს, რომ მივცე უფლება, ყველა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს.

ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ მომზადება წარმატების გასაღებია. თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ კარადაში არსებული ნივთები შესაბამისია დროისა და გარემოების და რა არჩევანსაც არ უნდა აკეთებდეს ის, კმაყოფილი დარჩეთ. სადღესასწაულო კაბა სხვაგან შეინახეთ და მხოლოდ მაშინ გამოიტანეთ, როცა შესაფერისი არჩევანის დროა. ზაფხულის კაბები შეინახეთ, როცა გარეთ თოვლია და მას შეუძლია აირჩიოს ის, რაც სურს, შეთავაზებული ვარიანტებიდან. რა თქმა უნდა, შეიძლება მაინც აღმოაჩინოთ, რომ მის მიერ შერჩეულ ფერთა კომბინაციები თქვენთვის სასურველი არ არის, მაგრამ ამის ატანა მოგიწევთ.