ხშირად დასმული შეკითხვები კვებაზე

ჩემი შვილი უარს ამბობს ჭამაზე

ყოველთვის ვცდილობ, ჩემს პატარას მრავალფეროვანი საკვები მივაწოდო. ვცდილობ, ისეთი საკვები მოვამზადო, როგორიც უყვარს, ხშირად ვეკითხები, რის ჭამა უნდა, რა მოვამზადო სპეციალურად მისთვის, რომ ჭამოს. მას აქვს საკუთარი პატარა მაგიდა და სკამი, რომელზეც ზის ჭამის დროს და რომელიც სამზარეულოშია განთავსებული, რათა მეც ახლოს ვიყო, როცა ჭამს. მაგრამ როგორც ჩანს, საჭმელი საერთოდ არ აინტერესებს და გამუდმებით დგება და სათამაშოდ მიდის. რა ვქნა, რომ ჭამით დაინტერესდეს?

გარდა იმისა, რომ კვება ზრდისა და ჯანსაღი განვითარებისთვის აუცილებელია, ის ასევე სოციალური ჩვევაა. ზრდასრულებმა ვიცით, რომ როდესაც მარტო ვჭამთ, სიამოვნების დიდი ნაწილი იკარგება. ჩანს, რომ თქვენი შვილი ყოველ საღამოს მარტო ჭამს და ეს გამოცდილება დიდად სასიამოვნო არ არის მისთვის, ამიტომ სათამაშოებით თამაშს ირჩევს. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მას ბევრად უფრო მოეწონებოდა ჭამა, თუ მასთან ერთად სხვაც მიირთმევდა. იდეალური სიტუაციაა, მან ყოველ საღამოს ოჯახთან ერთად მიირთვას, მაგრამ შესაძლოა ეს ყოველთვის არ იყოს შესაძლებელი და ამიტომ იქნებ გამონახოთ დრო, უბრალოდ მასთან ერთად იჯდეთ მაგიდასთან, სანამ ის ჭამს, შესაძლოა, ცოტა თავადაც მიირთვათ, რათა იგრძნოს, რომ ამ დროს ერთად იზიარებთ. შეიძლება იგრძნოთ, რომ მისი მადა უმჯობესდება, როდესაც ჭამა საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნის ბედნიერ დროს უკავშირდება.

როდის დავიწყო მისი ძუძუდან გადაჩვევა?

უამრავი ურთიერთგამომრიცხავი რჩევაა წიგნებში, ბებიებისგან თუ ინტერნეტსივრცეში იმის შესახებ, თუ როდის უნდა დაიწყო ბავშვისთვის დედის რძის გარდა სხვა საკვების შეთავაზება. როგორი იქნება თქვენი რჩევა?

საუკეთესო მიდგომა ბავშვის ბიოლოგიური განვითარებით ხელმძღვანელობაა. თავდაპირველად თქვენს პატარას მხოლოდ რძის მონელება შეუძლია, დედის რძე კი შეიცავს საკვები ნივთიერებების იდეალურ ბალანსს მისი ჯანსაღი განვითარებისთვის. თუმცა, როდესაც კბილები ამოუვა, ის მზადაა ისეთი რამის ჭამისთვის, რისთვისაც კბილები უნდა გამოიყენოს და როდესაც ხელში რამის დაჭერა შეუძლია, ის მზადაა თითებით საკვების ასაღებადაც.

ვფიქრობ, დანები საშიშია ბავშვებისთვის გამოსაყენებლად

მომწონს თქვენი იდეები იმის შესახებ, თუ როგორ დავიხმარიოთ ბავშვები და ჩავრთოთ საჭმლის მომზადების პროცესში. ეს ნამდვილად ეხმარება ჩემს პატარა გოგონას კვების პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობ, როცა მას დანას ვაძლევ ბანანის დასაჭრელად, ან ჭიქას ვაწვდი, რომელიც შეიძლება გატყდეს, თუ დაუვარდება. ხომ არ დაიზიანებს თავს?

ეს გასაგები შიშია. ჩვენ არ ვართ მიჩვეულები, პატარებს პოტენციურად საშიში ნივთები მივცეთ. სინამდვილეში კი ეს ნივთები მხოლოდ მაშინ არის საშიში, როცა არ ვიცით მათი გამოყენება. მნიშვნელოვანია, ბავშვს აჩვენოთ დანის ჭერა და გამოყენება, რათა თავი არ დაიზიანოს. გამოიყენეთ მკაფიო, გააზრებული მოძრაობები, რათა ზუსტად ხედავდეს, როგორ დაიჭიროს დანა. დაიწყეთ მომრგვალებულპირიანი დანით. ის საკმარისია ბანანის დასაჭრელად. შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ ცოტა უფრო ბასრ დანაზე, როდესაც დანის უსაფრთხოდ გამოყენების გარკვეულ უნარს გამოიმუშავებს და ბოსტნეულის დასაჭრელად უფრო მჭრელი დანა დასჭირდება. როცა ბავშვს ვაჩვენებთ, როგორ გამოიყენოს მინა და მსხვრევადი ჭურჭელი, თავიდან გარდაუვალია, რომ რაღაც გატყდება, მაგრამ უკუკავშირი, რომელსაც იღებენ, როდესაც ის იმსხვრევა, ეხმარება მათ, შემდეგ ჯერზე უფრო იფრთხილონ. ამ უკუკავშირს პლასტმასის ჭიქებიდან ვერ მიიღებენ და ამიტომ გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ ნივთებთან ფრთხილად მოპყრობის სასწავლად.