მოამზადეთ გარემო
- ბავშვს, რომელმაც სიარული დაიწყო, აუცილებლად სჭირდება რაც შეიძლება მეტი ვარჯიში სიარულში.
- იარეთ მასთან ერთად საბავშვო მოედნებზე, სკვერებში, სადაც არის სივრცე სამოძრაოდ.
- შეიძინეთ მისთვის დიდი ნივთები, რომლების ტარებას და გადაადგილებას შეძლებს.
დაეხმარეთ, გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები
- ნუ შეგეპარებათ ეჭვი ბავშვის შესაძლებლობებში - მას ძალიან მოეწონება, დაგეხმაროთ საყიდლების მანქანიდან სახლამდე ან სარეცხის კალათის სარეცხის მანქანამდე მიტანაში: ეს მას უძლიერებს საკუთარი ძალების და სხეულის ფლობის რწმენას.
- მიეცით საშუალება, რაც შეიძლება ხშირად იაროს. მან საკმარისი ძალისხმევა გამოიჩინა ამ უნარის ასათვისებლად, ახლა კი უნდა გამოიყენოს. როგორც კი სიარულს დაიწყებს, ეცადეთ არ ჩასვათ ეტლში. ნება დართეთ იაროს, რომ თავდაჯერებული გახდეს. როცა ეტლში სვამთ, გრძნობს, რომ არ ანდობთ მას იმის კეთებას, რაზეც მთელი ძალისხმევა დახარჯა. თუ ტირის, როცა ეტლში ან მანქანაში სვამთ, ცდილობს გითხრათ, რომ მოძრაობა სჭირდება და რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის.
- სიარული ბავშვისთვის იგივე არაა, რაც ზრდასრულისთვის. ბავშვს უყვარს მისთვის საინტერესო საგნების დათვალიერება და შეხება. ეს სეირნობას უფრო ახანგრძლივებს, ვიდრე, შესაძლოა, თქვენ გსურდეთ. დროდადრო გადადეთ თქვენი საქმეები და ისეირნეთ ბავშვთან ერთად მისი ტემპით. ასე სეირნობა გაცილებით მხიარული იქნება, ვიდრე ზრდასრულის სეირნობა!
მიეცით დრო
- მას ჯერ კიდევ გაცილებით მეტი დრო უნდა, ვიდრე თქვენ, რომ მივიდეს რაღაც წერტილამდე ან გააკეთოს რამე. იყავით მომთმენი და გამონახეთ დრო, რათა დღის განმავლობაში ხანდახან რაღაც მასთან ერთად გააკეთოთ მის ტემპში.

